რუსთავის საკრებულოს სხდომა- რა საკითხები განიხილეს დეპუტატებმა

რუსთავის წარმომადგენლობითი ორგანოს სხდომათა დარბაზში, საკრებულოს მორიგი სხდომა გაიმართა- დეპუტატებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული ოცზე მეტი საკითხი განიხილეს და ყველა მათგანი დადებითად გადაწყვიტეს.

ცვლილება შევიდა, მუნიციპალიტეტის ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტაციის გენერალური გეგმისა და განაშენიანების გეგმაში.

როგორც მერიის არქიტექტურისა და მშენებლობის საჯარო ზედამხედველობის სამსახურის ხელმძღვანელმა, ეკა პაპუაშვილმა განაცხადა, ტექნიკური სახის ცვლილება გამოიწვია მთავრობის განკარგულებამ, რომლის თანახმად ხდება სახცოვრებელ ზონებში კოეფიციენტების კორექტირება.

დეპუტატების გადაწყვეტილებით,  დამტკიცდა ცვლილება მუნიციპალიტეტის ქვეპროგრამის „ბავშვიანი ოჯახების ხელშეწყობის პროგრამა“ განხორციელების წესში.

როგორც  მერიის აპარატის უფროსმა, ნინო ნიკოლავამ განაცხადა, ცვლილება გამოწვეულია, უკიდურესად მძიმე საბინაო პირობებში მყოფი ბავშვიანი ოჯახებისთვის საბინაო პირობების გაუმჯობესებისთვის.

„მერიის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური მხარდაჭერის, ბავშვთა უფლებების დაცვის განყოფილებას დაევალა მოიძიოს მძიმე საბინაო პირობებში მყოფი ბავშვიანი ოჯახები, შეაფასონ მდგომარეობა, შემდგომ მონაცემები გადასცეს მერიის ადმინისტრაციაში არსებულ საბჭოს და თუ საცხოვრებელ ფართში საბინაო პირობები უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში იქნება, საუბარია კომუნალურ საკითხებზე, საბჭოს გადაწყვეტილებით, ქვეპროგრამის ფარგლებში, ოჯახს გაეწევა დახმარება. თითოეულ ოჯახზე სარემონტო სამუშაოების ტიპის შერჩევა წელიწადში ერთხელ განხორციელდება.“- განმარტა სხდომაზე ნინო ნიკოლავამ.

სხდომაზე დეპუტატებმა დაამტკიცეს, რუსთავის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზებო ოთხი ობიექტის გეგმა და ხუთი ობიექტის ნუსხა.

ვადის ამოწურვის გამო, შეიქმნა და ერთი თვით გაუგრძელდა უფლებამოსილების ვადა, საკრებულოში მოქმედ ვეტერანების, ტრანსპორტის, ახალგაზრდული საკითხების, ტურიზმის და საერთაშორისო საკითხების შემსწავლელ დროებით სამუშაო ჯგუფებს.