“საერთო არაფერი მაქვს“ – გახარია სააკაშვილთან შეხვედრას უარყოფს

პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერი, გიორგი გახარია ნიუ-იორკში სასტუმრო „მეიფლაუერსში“ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებსა და მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრას უარყოფს.

ყოფილი პრემიერის თქმით, მას დასამალი არაფერი აქვს და სააკაშვილთან შეხვედრაზე საუბარიც  არასერიოზულია.

„დიდხანს გვეძებდით? ამ სასტუმროში ვიყავით ერთი ღამე, იქ შევიკრიბეთ, ჩვენ სხვადასხვა ქალაქებიდან ჩამოვფრინდით და მეორე დღესვე გადავედით სხვა სასტუმროში. არანაირი გადაკვეთა არ გვქონია. ამაზე საუბარი საერთოდ არასერიოზულია.

ჩვენი წასვლა თავიდანვე ასე იყო დაგეგმილი, იმიტომ რომ ლოგისტიკურად სხვა სასტუმროში ყოფნა, გეოგრაფიულად მისვლა-მოსვლისთვის ბევრად უფრო მოსახერხებელი იყო. ერთი რამე გაითვალისწინეთ, ამის უკან არაფერი არის და შეხვედრაზე ხომ საერთოდ საუბარიც ზედმეტი. არ არის ეს სწორი, დასამალი არაფერი მაქვს. არაფერი საერთო „ნაციონალურ მოძრაობასთან“ არ მაქვს და უფრო მეტსაც გეტყვით „ქართულ ოცნებას“ წლების განმავლობაში ისეთი ჟინით, რომ ებრძოლა „ნაციონალური მოძრაობის“ წინააღმდეგ, როგორც დღეს ჩვენს წინააღმდეგ იბრძვის, დღეს ქვეყანაში სხვა პოლიტიკური რეალობა იქნებოდა“, – განუცხადა „რუსთავი 2“ -ს გიორგი გახარიამ.