საქართველოში ბინაზე ხანდაზმულების ვაქცინაციის პროგრამა დაიწყო

ჯანდაცვის სამინისტრომ ბინაზე ხანდაზმულთა ვაქცინაციის პროგრამა დაიწყო. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ ბრიფინგზე განაცხადა და აღნიშნა, რომ პროგრამა  ვაქცინაციის პროცესში ხანდაზმული ჯგუფების აქტიურად ჩასართავად დაიწყო.

მისივე განცხადებით, სამინისტროს შესაბამისი მოთხოვნით მოქალაქეები უკვე დაუკავშირდნენ.

“დღეს გარკვეულწილად არის მეტი აქტიურობა ახალგაზრდებში, ესენციურ ჯგუფებში და არა ხანდაზმულებში. ხანდაზმულებში ჩვენ გვაქვს მიზანმიმართული აქტივობები ხანდაზმულთა თავშესაფრებში და ხანდაზმულთა სახლებში მყოფ პირებში, აქ ვაქცინაცია აქტიურია და თითქმის სრული მოცვა არის მიღწეული ზოგიერთ დაწესებულებაში. ასევე, დავიწყეთ ბინაზე ხანდაზმულების ვაქცინაციის პროგრამა და ვფიქრობ, მომდევნო კვირიდან უფრო აქტიური გახდება. სამინისტროს უკვე დაუკავშირდნენ ხანდაზმულები, რომლებიც ბინაზე არიან და სჭირდებათ ვაქცინაციის პროგრამა”,- განაცხადა თამარ გაბუნიამ.