სახალხო დამცველმა ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტში ანგარიში წარადგინა

საქართველოს სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალქო ინტეგრაციის კომიტეტში 2020 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა მდგომარეობის შესახებ ანგარიში წარადგინა.

სიცოცხლის უფლების დაცვის კუთხით სახალხო დამცველმა ჯანმრთელობის პრობლემების მქონე გარდაცვლილი პატიმრების საქმეზე ისაუბრა, სადაც პენიტენციური სისტემის ჯანდაცვის არასათანადო ხარისხი გამოიკვეთა.

ანგარიშის წარდგენისას სახალო დამცველმა ისაუბრა ფსიქიატრიულ სტაციონარში მოთავსებული პირებისთვის სომატური (ფიზიკური) ჯანმრთელობის პრობლემების არასათანადო მკურნალობას, რაც პაციენტთა გარდაცვალებას იწვევს.

ანგარიშის წარდგენისას სახალხო დამცველმა აღნიშნა, რომ გაზრდილია ადმინისტრაციული წესით დაკავებულ პირთა მიმართ პოლიციელების მხრიდან არასათანადო მოპყრობის მაჩვენებელი.

პენიტენციურ სისტემაზე საუბრისას სახალხო დამცველმა აღნიშნა, რომ არაფორმალური მმართველობის გამო, 2020 და 2021 წლებში სხვადასხვა დროს ქსნის N15, გლდანის N8 და N17 დაწესებულებებში პატიმართა კონკრეტულმა ჯგუფმა სახალხო დამცველის წარმომადგენლებს მონიტორინგის ჩატარების საშუალება არ მისცა.

სახალხო დამცველმა არასათანადო მოპყრობად შეაფასა პატიმართა (მათ შორის, არასრულწლოვან ბრალდებულთა) დეესკალაციისა და სამარტოო საკნებში დიდი პერიოდით, ხშირად, დასჯის მიზნით და დაუსაბუთებლად მოთავსების პრაქტიკა. მისივე შეფასებით, არასათანადო მოპყრობას უტოლდება ზოგიერთ ფსიქიატრიულ დაწესებულებაში არსებული საყოფაცხოვრებო პირობები, ფიზიკური ძალადობისა და სიტყვიერი შეურაცხყოფის შემთხვევები, როგორც თანამშრომელთა მხრიდან პაციენტების მიმართ, ისე თავად პაციენტებს შორის.

„განსაკუთრებულად მინდა გავუსვა ხაზი, რომ პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლების მექანიზმი გამართულად არ მუშაობს. ყოველთვიურად არაერთი შემთხვევაა, როდესაც პირის გათავისუფლება არ ხდება, მაშინ როცა უფრო მკაცრი და უარყოფითი შეფასების მქონე (ისევე როგორც უფრო მძიმე დანაშაულის ჩამდენი) პირი თავისუფლდება. პატიმრებს გაურკვევლობის, არასამართლიანობის და ბუნდოვანების შეგრძნება აქვთ, რაც აუცილებლად უნდა დასრულდეს სამართლიანი სასამართლოს უფლების თავში საუბარია უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის პროცესში გამოვლენილ უკიდურეს დარღვევებზე და გაუმჭვირვალობაზე; დისტანციური სასამართლო პროცესების ხარვეზზე, სწრაფი და ეფექტიანი მართლმსაჯულების უზრუნველყოფის პრობლემებზე“, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

ნინო ლომჯარიამ ასევე ისაუბრა დავით გარეჯის საქმე.

„მელაშვილისა და ილიჩოვას მსჯავრდება ეწინააღმდეგება კანონიერების პრინციპს, რადგან საქმის მასალების მიხედვით, მათ მოქმედებაში არ იკვეთება რაიმე ტიპის აკრძალული ელემენტი, ბოროტი განზრახვა, რაც მათ საექსპერტო საქმიანობას დანაშაულად აქცევდა“, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

მისივე თქმით, საქმის წარმოება დაემთხვა წინასაარჩევნო პერიოდს და შესაძლოა, ქონდეს პოლიტიკური ან სხვა არასამართლებრივი მოტივი.