სერიოზული რისკის შემცველია – კულუმბეგოვი რეგულაციების გაუქმებაზე

ქვეყანაში ვაქცინაციის პროცესთან დაკავშირებით, სახალხო დამცველის შეფასებას სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები გამოეხმაურნენ.

ალერგოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი ამბობს, რომ რეგულაციების მოხსნა საფრთხის შემცველია. სპეციალისტი ამის მიზეზად,  ქვეყანაში ვაქცინის დეფიციტს ასახელებს და განმარტავს, რომ ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით არაფერი გაკეთებულა.

“ჩვენ როდესაც მივიღეთ რეგულაციების მოხსნა, როდესაც ეპიდემიოლოგიური კონტროლის თვალსაზრისით არაფერი გაკეთებულა და ჩვენ არ გვაქვს სტაბილური სიტუაცია, ეს აბსოლუტურად ლოგიკას აცილებულია. რა თქმა უნდა, ყველა ქვეყანა ამსუბუქებს რეგულაციებს მაშინ, როდესაც ვაქცინაციის მაჩვენებელი მაღალია. ჩვენს ქვეყანაში პრაქტიკულად არ გვაქვს ვაქცინაცია, ის აცრილი 2% პრაქტიკულად არაფერს ნიშნავს და ჩვენ ყველანაირ რეგულაციას ვხსნით. ეს რასაკვირველია, სერიოზული რისკის შემცველია. ეს მთლიანად ხელისუფლების და მთავრობის პასუხისმგებლობაა, – ამბობს ბიძინა კულუმბეგოვი.