ვაკანსიების რაოდენობამ პანდემიამდე არსებულ ნიშნულს 5%-ით გადააჭარბა. სტატია ამის შესახებ “ბიზნესპრესნიუსმა” მოამზადა. hr.ge-ის მენეჯერებზე დაყრდნობი, სააგენტო წერს, რომ სექტორებს შორის ყველაზე აქტიური ჰორეკაა. კერძოდ, ჯამური ვაკანსიების რაოდენობიდან 22% დღეს უკვე კვებისა და სასტუმრო ობიექტებზე მოდის.
„ვაკანსიების კუთხით მატება ნამდვილად გვაქვს. 2021 წლის იანვრიდან ეტაპობრივად დაიწყო ზრდა. ყველაზე დიდი მატება იყო მარტში და შემდეგ მაისში. მეტიც, მაისში სამუშაო ადგილები არა მარტო გაუტოლდა პანდემიამდე არსებულ მაჩვენებელს, არამედ 5%-მდე გაიზარდა კიდეც.
კიდევ ერთი ნიშან-თვისება, რითაც მიმდინარე წელი გამოირჩევა, არის ის, რომ როგორც იცით, პანდემიის დროს „ჰორეკა“ სექტორი საკმაოდ პასიური იყო, თუმცა თებერვლის მეორე ნახევრიდან და მარტში დაიწყეს გააქტიურება. ეტაპობრივად იზრდებოდა და დღეს უკვე ჯამური ვაკანსიების რაოდენობიდან 22% სწორედ „ჰორეკა“ სექტორზე მოდის, რაც ძალიან კარგი შედეგია, რადგან პანდემიამდე იყო დაახლოებით 20%“,- ამბობს HR მენეჯერი, სააგენტოსტან, ინგა შახბაზიანი.
რაც შეეხება სექტორებს, სადაც ახალი კადრების ყველაზე მეტი მოთხოვნაა, hr.ge-ს მენეჯერის ინფორმაცით, ასეთია გაყიდვები, „ჰორეკა“, ბუღალტერია-ფინანსები, საბანკო და სამედიცინო სფეროები.
„ სტატისტიკურად, კატეგორიების მიხედვით, პირველ ადგილზეა გაყიდვები – 23%, 22% მოდის „ჰორეკა“ სექტორზე, შემდეგია ბუღალტერია-ფინანსები – 5%, ასევე 5% – საბანკო და 4% – სამედიცინო სფეროები. დანარჩენი სექტორები არის 2%-ზე ნაკლები“,- განმარტავს ინგა შახბაზიანი.
კითხვაზე, შემცირდა თუ არა სამსახურის მაძიებელთა რაოდენობა, hr.ge-ს მენეჯერი აცხადებს, რომ ამ დროისთვის დღეში 80-დან 120-მდე ადამიანი რეგისტრირდება, რაც სტაბილური მაჩვენებელია. თუმცა, პანდემიის პირველი ტალღის პერიოდში, მათი რაოდენობა თითქმის, გაორმაგებული იყო.