სოფელ კრწანისის მცხოვრებლებმა სასმელი წყლის მოთხოვნით აქცია გამართეს

საპროტესტო აქცია გარდაბანში – სოფელ კრწანისის მცხოვრებლებმა სასმელი წყლის მოთხოვნით აქცია გამართეს. ადგილობრივების თქმით, მათ წყალი რამდენიმე თვეა არ მიეწოდებათ, რის გამოც ყოველდღიურად მძიმე სოციალურ პირობებში უწევთ ცხოვრება. მოსახლეობის თქმით, წყლის მოპოვებას საკუთარი სახსრებით ცდილობენ და ისინი წყალს ხან ყიდულობენ, ხან კი რუსთავიდან და თბილისიდან სპეციალური ჭურჭლით მიაქვთ. როგორც ისინი ამბობენ, ეკონომიკური კრიზისის პირობებში მათ სასმელი წყლის ყიდვის ფულიც აღარ აქვთ. გარდა ამისა, იქიდან გამომდინარე რომ სოფელს წყალი არ მიწოდება, ისინი ვერ ახერხებენ სასოფლო-სამეურნეო მეურნეობის მორწყვას და მოსავალი მძიმე სიცხისა და გვალვის პირობებში, გაუხმათ.

სოფელ კრწანისში იმყოფებოდა გარდაბნის მერი, რამაზ ბუდაღაშვილი. მისი განმარტებით, ადგილობრივ ხელისუფლებასთან კომპანია “ჯი-ვი-პიმ” განმარტა მიზეზები, რის გამოც სოფელ კრწანისის მცხოვრებლებს წყალი არ მიეწოდებათ. რამაზ ბუდაღაშვილის თქმით, მას კომპანიაში უთხრეს, რომ პირველი: ამის მიზეზი დაბალი წნევა და დებეტის ნაკლებობა, და მეორე: მოსახლეობას აქვს დავალიანება. ამ უკანასკნელთან დაკავშირებით ადგილობრივები ამბობენ, რომ მათ არანაირი დავალიანება არ აქვთ.

მუნიციპალიტეტის პირველი პირის განცხადებით, სამშაბათს კომპანია “ჯი-ვი-პისა” და ადგილობრივ მოსახლეობასთან აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით შეხვედრა გაიმართება, სადაც პრობლემის გადაჭრის გზებზე ისაუბრებენ. პრობლემის მოგვარებამდე კი, ბუდაღაშვილის თქმით, ხვალიდან ადგილობრივებს წყალს სპეციალური მანქანებით მიაწვდიან.