“ფაიზერის” და “მოდერნას” კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინებით აცრის შემთხვევაში იმუნიტეტი წლების განმავლობაში შენარჩუნდება. ამის შესახებ newyork.cbslocal.com იუწყება.
კვლევებმა აჩვენა, რომ იმუნიტეტი ადამიანის ორგანიზმში დიდი ხნის განმავლობაში შენარჩუნდება და ამისთვის რევაქცინაცია საჭირო არ არის.
მეცნიერებმა დაადგინეს, რომ იმუნიტეტი შენარჩუნებული იქნება იმ შემთხვევაში, თუ კორონავირუსი მუტაციას სწრაფად არ განიცდის და ახალი შტამები მნიშვნელოვნად განსხვავებული არ იქნება.
რევაქცინაცია, შესაძლოა, მოხუც ადამიანებს და დაბალი იმუნიტეტის მქონე პირებს მაინც დასჭირდეთ.
მანამდე ჩატარებული კვლევების მიხედვით, რომელშიც თავად Pfizer-ის და Moderna-ს სპეციალისტებიც მონაწილეობდნენ, ექსპერტები ვარაუდობდნენ, რომ იმუნიტეტი 6-დან 12 თვემდე შენარჩუნდება. ახალი კვლევებით დადგინდა, რომ ადამიანის ორგანიზმში ე.წ. „მეხსიერების უჯრედები“ იქმნება, რომლებიც მინიმუმ ერთ წელს არსებობს.მეცნიერების მტკიცებით, გრძელვადიანი იმუნური უჯრედები, ლიმფურ კვანძებში იქმნება და ის კორონავირუსის მუტირებულ შტამებს იმახსოვრებს.