ქვრივიშვილი: აღდგენილია ავიარეისების 2019 წლის ნიშნულის 55%

დღეისთვის უკვე აღდგენილია ავიარეისების 2019 წლის ნიშნულის 55%-ი, – ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ, მარიამ ქვრივიშვილმა ავიაციის სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრისას განაცხადა.

შეხვედრა საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ავიაციის კომიტეტის ორგანიზებით გაიმართა და მასში ავიაციის კომიტეტის 60-მდე წევრი კომპანიის წარმომადგენელი მონაწილეობდა.

შეხვედრაზე განიხილეს ინდუსტრიის წინაშე კოვიდპანდემიის შედეგად არსებული გამოწვევები და ისეთი პრიორიტეტული საკითხები, როგორიცაა ავიაციის სექტორში დასაქმებულთა ვაქცინაცია.

საუბარი შეეხო საავიაციო სტრატეგიის შექმნას და პოსტპანდემიური ეფექტური საკომუნიკაციო მექანიზმის შემუშავებას.

„მისასალმებელია, რომ ავიაციის სექტორი თავადაც აღნიშნავს იმ დადებით დინამიკას, რაც აისახება ციფრებში  – დღეისთვის უკვე აღდგენილია ავიარეისების 2019 წლის ნიშნულის 55%. რა  თქმა უნდა, შევთანხმდით, რომ გავაგრძელებთ მჭიდრო თანამშრომლობას კერძო სექტორთან, მათ შორის ახალი მიმართულებებით, როგორიცაა ავიაციის სექტორში დასაქმებული პირების ვაქცინაცია, ავიაციის ინდუსტრიის სამოქმედო გეგმისა და სტრატეგიის შემუშავება, ასევე  ინდუსტრიაში ჩართული კომპანიების ხელშეწყობა, რათა კიდევ უფრო სწრაფად და მდგრადად მოხდეს ჩვენს ქვეყანაში ავიაციის სექტორის გაძლიერება, რაც, პირველ რიგში, ხელს შეუწყობს ტრანსპორტისა და ტურიზმის დარგის განვითარებას”, – აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.