შს მინისტრი: ცხინვალის ციხესთან კავშირი კი არა, ცხინვალში ნამყოფიც არ ვარ

“გამოგონილი ამბავია”- ასე უპასუხა შს მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა ჟურნალისტების კითხვას: „იჯდა თუ არა ის ერგნეთის ციხეში სიგარეტის კონტრაბანდის ბრალდებით“.

როგორც ვახტანგ გომელაურმა განაცხადა, ცხინვალში ნამყოფიც კი არ არის.

„ჯერ ჩავასწორებდი, ერგნეთის ციხე არა, ცხინვალის ციხეზე იყო საუბარი, ერგნეთის ციხე არ არსებობს, ეს ცოტა სასაცილოა. არც ვიცი, სერიოზულად პასუხი როგორ უნდა გაგცეთ. ცხინვალში საერთოდ ნამყოფი არ ვარ, არც ბავშვობაში, არც დიდობაში. რაჭაში რომ მიწევდა წასვლა, მაშინაც კი თერჯოლის გავლით დავდიოდი ხოლმე. ეს არის მოგონილი, აბსურდი, სისულელე. თუ გადახედავთ წლებს, როდესაც ერგნეთის ბაზრობის თემა და მოძრაობები იყო, მაშინ 19-20 წლის ჯარისკაცი ვიყავი, გახსოვთ, რა ხდებოდა 90-იან წლებში და როგორ წარმოგიდგენიათ, მე, ჯარისკაცი ვალაგებდი იქ თემას და კონტრაბანდა დამქონდა 19 წლის ბიჭს ედუარდ შევარდნაძის გარე დაცვაში? უბრალო რიგითი ჯარისკაცი ვიყავი გარე დაცვაში, არც უფროსი და არც ხელმძღვანელი. ციხესთან კავშირი კი არა ცხინვალში საერთოდ ნამყოფი არ ვარ“, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.