ჩინელმა მკვლევრებმა ღამურებში ახალი კორონავირუსები აღმოაჩინეს

ჩინელმა მკვლევრებმა ღამურებში ახალი კორონავირუსები აღმოაჩინეს. მათ შორის ერთ-ერთი გენეტიკურად “კოვიდ 19”-თან ყველაზე ახლოს დგას. მკვლევარების ინფორმაციით, აღმოჩენა აჩვენებს, თუ რამდენი კორონავირუსია ღამურებში და რამდენი მათგანი შეიძლება გავრცელდეს ადამიანებზე.

“ჩვენ შევკრიბეთ 24 ახალი კორონავირუსის გენომი სხვადასხვა სახეობის ღამურებისგან, მათ შორის ოთხი კორონავირუსი, რომელიც SARS-CoV-2-ის მსგავსია”, – წერენ მკვლევრები ჟურნალ Cell-ში გამოქვეყნებულ ანგარიშში.

მათივე თქმით, ერთ-ერთი მათგანი გენეტიკურად ძალიან ჰგავდა SARS-CoV-2 ვირუსს, რომელიც ამჟამინდელი პანდემიის გამომწვევია. მათი თქმით, ეს იქნება SARS-CoV-2-ის უახლოესი შტამი.

“შედეგები ცხადყოფს, რომ SARS-CoV-2-თან დაკავშირებული ვირუსები განაგრძობენ ცირკულირებას ღამურების პოპულაციებში და ზოგიერთ რეგიონში შეიძლება შედარებით მაღალი სიხშირით შეგვხვდნენ”, – წერენ მკვლევრები.

შანდონგის უნივერსიტეტის პროფესორებმა 2019 წლის მაისიდან 2020 წლის ნოემბრამდე მცირე ტყის ღამურების ნიმუშები შეაგროვეს, შეამოწმეს შარდი, განავალი და აიღეს ნიმუშები ღამურების პირიდან.

“ღამურები ცნობილი მასპინძლები არიან სხვადასხვა ვირუსებისთვის, რომლებიც ადამიანებში მწვავე დაავადებას იწვევენ. ადამიანების გარდა, კორონავირუსებს შეუძლიათ დააინფიცირონ “შინაური და გარეული ცხოველების ფართო სპექტრი, მათ შორის ღორი, პირუტყვი, თაგვი, კატა, ძაღლი, ქათამი, ირემი და ზღარბი”, – ნათქვამია კვლევაში.

კვლევის მიზანი Covid-19-ის წარმოშობის დადგენაა.

წყარო:ბიზნესფორმულა