ცერცვაძე: ბრიტანული შტამი ცალსახად იწვევს დაავადების უფრო მძიმე ფორმებს

ინდურ შტამზე ჯერ არ ვიცით, ბრიტანული შტამი კი ცალსახად იწვევს დაავადების უფრო მძიმე ფორმებს ყველა ასაკში, – ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.

როგორც ცერცვაძე ამბობს, მოიმატა ახალგაზრდა ასაკში შემთხვევების რაოდენობამაც.

„ინდურ შტამზე ჯერ არ ვიცით, რადგან მხოლოდ 10 პროცენტია სავარაუდოდ პრევალენტობა, ბრიტანული შტამი ცალსახად იწვევს დაავადების უფრო მძიმე ფორმებს ყველა ასაკში, მათ შორის ახალგაზრდა ასაკშიც. მოიმატა ახალგაზრდა ასაკში შემთხვევების რაოდენობამ და მძიმედ მიმდინარე შემთხვევების რაოდენობამაც“, – აღნიშნა თენგიზ ცერცვაძემ.

მისივე თქმით, კვლევების თანახმად, საერთაშორისოდ აღიარებული წამყვანი ვაქცინები ინდური შტამის წინააღმდეგაც ეფექტურია.

„ძალიან მნიშვნელოვანია, იცავს თუ არა ინდური შტამისგან ვაქცინები და კოვიდგადატენილებში იმუნიტეტი. მთელი რიგი კვლევებია, რომ იცავს როგორც კოვიდგადატანილების იმუნიტეტი, ისე დღეს არსებული ვაქცინები, მაგრამ შედარებით ნაკლები პროცენტის გარანტიით, ვიდრე იცავდა ჩვეულებრივი სტანდარტული შტამის დროს, თუნდაც ბრიტანული შტამის შემთხვევაში. თუმცა, საერთაშორისოდ აღიარებული წამყვანი ვაქცინები საკმარისად საიმედოდ იცავენ ინდური შტამისგან“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.