წალკის მერი: “ოფიციალური გვერდიდან არის დაწერილი?”

“ოფიციალური გვერდიდან არის დაწერილი?” – წალკის მუნიციპალიტეტის მერს, ილია საბაძეს არ აქვს ინფორმაცია, რას წერს და როგორ პასუხობს ადგილობრივებს მუნიციპალიტეტის ოფიციალური ფეისბუქ გვერდი.

TV4 წალკის პირველ პირს დაუკავშირდა და ჰკითხა, ჰქონდა თუ არა ინფორმაცია, რომ წალკის მერიის ფეისბუქ გვერდიდან ახალგაზრდას “იმბეცილი” უწოდეს.

როგორც ილია საბაძე ამბობს, ის დეტალებში გაერკვევა და მომხდარზე რეაგირება ექნება.

“არ მაქვს, ინფორმაცია, მაგრამ პოზიცია უარყოფითია. ოფიციალური გვერდიდან არის ეს დაწერილი? – გავერკვევი ყველაფერში და აუცილებლად იქნება რეაგირება, მაგ პიროვნების მიმართ, რატო აკეთებს თვითნებურად და რატომ სცემს ესეთ პასუხებს.

ახალგაზრდა არის და კი ბატონო, მაგან კი დაწერა პრობლემებზე, მაგრამ რა პრობლემებიც არის გვარდება ეტაპობრივად და რატომ უნდა ვუპასუხოთ ესე, ის ახალგაზრდა მართალია.”- ამბობს წალკის მერი, ილია საბაძე.

როგორც მერი ამბობს, პირს, რომელმაც ოფიციალური გვერდიდან შეურაცხმყოფელი კომენტარი დაწერა, შესაძლოა, გაფრთხილება მიეცეს.

ჟურნალისტის კითხვაზე, მისი აზრით, იქნება თუ არა გაფრთხილება საკმარისი, ილია საბაძე პასუხოს:  “ჩამოვახრჩო? გავიგებ რატომ გასცა პასუხი ამ ახალგაზრდას და მიიღებს, რა თქმა უნდა, სათანადო პასუხს”- განაცხადა საბაძემ.

შეგახსენებთ, წალკის მუნიციპალიტეტის მერიის ოფიციალური ფეისბუქ გვერდიდან ახალგაზრდას “იმბეცილი” უწოდეს და შეურაცხმყოფელი კომენტარი დაუწერეს.