არასრულწლოვნის მიმართ ჯგუფურად ჩადენილ წამების ფაქტზე, არასრულწლოვნის 28 წლის მამინაცვალი და ამავე ასაკის დედა დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ მ.დ. და მისი მეუღლე – ა.ს. არასრულწლოვანს – 2014 წელს დაბადებულ ვ.დ.-ს დასჯის მიზნით აწამებდნენ, რომელიც თავისი ხასიათით, ინტენსივობით და ხანგრძლივობით იწვევს ძლიერ ფიზიკურ ტკივილს.
სამართალდამცველებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ა.ს. და მ.დ. ბრალდებულების სახით, თბილისში დააკავეს. გამოძიების ფარგლებში დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები და ტარდება ყველა შესაბამისი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება.
არასრულწლოვანი, თავის მცირეწლოვან ძმასთან ერთად, სოციალურმა მუშაკმა უსაფრთხო ადგილას გადაიყვანა.
საქმეზე გამოძიება არასრულწლოვნის მიმართ ჯგუფურად ჩადენილ წამების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა-144 პრიმა მუხლის მეორე ნაწილის ,,ე“ და „ზ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს – ნათქვამია შსს-ს ინფორმაციაში.
დანაშაული 9-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.