Facebook-ს სამი ქალი სექსუალური ტრეფიკინგის ხელშეწყობის გამო უჩივის. ისინი ამტკიცებენ, რომ მათ მოძალადეებმა პროსტიტუციაში ჩართვა სოციალური ქსელის მეშვეობით აიძულეს.
ტეხასის უზენაესი სასამართლოს წარმომადგენელი ჯეიმს ბლექლოკი ადასტურებს, რომ ქალებს შეუძლიათ ედავონ Facebook-ს სახელმწიფო კანონის მიხედვით. კანონი ითვალისწინებს სამართლებრივ დევნას იმ პირების წინააღმდეგ, ვინც ტრეფიკინგისგან სარგებელი მიიღო.
თუმცა ის ასევე აღნიშნავს, რომ ფედერალური კანონის მიხედვით, ისინი ვერ უჩივლებენ Facebook-ს იმის გამო, რომ ვერ გააფრთხილა არასრულწლოვნები ან არ მიიღო სათანადო ზომები სექსუალური ტრეფიკინგის საქმიანობის დასაბლოკად.
საქმის მასალების მიხედვით, Facebook-ს არ გააჩნდა ეფექტური გარანტიები ტრეფიკერების დასაბლოკად და ის იღებს სარგებელს ქსელში გაშვებული რეკლამიდან.
ქალები აცხადებენ, რომ კომპანია სარეკლამო სივრცეს არ იყენებს სექსუალური ტრეფიკინგის საშიშროების შესახებ განცხადებებისთვის.
Facebook-მა უზენაეს სასამართლოს მიმართა იმის დასამტკიცებლად, რომ იგი დაცულია აშშ-ის კომუნიკაციების შესახებ კანონით, რომლის მიხედვითაც საიტი სასამართლოს წინაშე პასუხს არ აგებს მომხმარებლების მიერ განთავსებული კონტენტის გამო.
მოსამართლემ კომპანიის არგუმენტი არ გაიზიარა. მისი განცხადებით, კომპანიის მიერ მოყვანილი 230-ე მუხლი არ ათავისუფლებს პასუხისმგებლობისგან, მაშინ, როცა საქმე ტრეფიკინგისგან განზრახ ან უნებლიედ სარგებლის მიღებას გულისხმობს.
ბლექლოკმა საქმე საოლქო სასამართლოს უკან გადაუგზავნა და გამოთქვა ვარაუდი, რომ შესაძლოა, 1996 წელს დაწერილი 230-ე მუხლის დებულებები საჭიროებდეს განახლებას და კონგრესის მიერ შესწორებას.
Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: მალათი ნაიაკი
წყარო: ბიზნესფორმულა