შეფასების და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, სოფიო გორგოძის განცხადებით, გამორიცხულია, რომ ეროვნული გამოცდები აბიტურიენტმა კორონავირუსის გამო სახლიდან ჩააბაროს. ამის შესახებ გორგოძემ ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, კოვიდდადასტურებული აბიტურიენტებისთვის სპეციალური რეკომენდაციები მუშავდება, რის შესახებაც აბიტურიენტებს დაახლოებით, ორ კვირაში ეცოდინებათ.
“გვაქვს სპეციალურად გამოყოფილი სივრცეები, სადაც ის აბიტურიენტები განთავსდებიან, ვისაც ტემპერატურა გამოცდის დღეს დაუფიქსირდებათ. წელსაც ისევე, როგორც წინა წელს, გვექნება ფარები და დაცული იქნება თითოეული მერხი. ვფიქრობ, წელს კიდევ უფრო მეტად მომზადებული ვიქნებით ამ პროცესისთვის, ვიდრე შარშან ვიყავით. ყველა საკითხი, რაც კოვიდს ეხება არის იმ რეკომენდაციებში, რომელიც ჯანდაცვის სამინისტრომ გაგვიწერა. სავარაუდოდ, ბევრი რეკომენდაცია იგივე დარჩება, თუმცა არ გამოვრიცხავ, დაზუსტდეს გარკვეული რეკომენდაციები. ასევე, ინფიცირებული აბიტურიენტების მართვის შესახებ გვექნება დამატებით ბრიფინგი, სადაც ყველაფერს დეტალურად მოგახსენებთ”,- განაცხადა გორგოძემ.
როგორც გორგოძემ განაცხადა, ცენტრი ცდილობს თავი აარიდოს გამოცდის საგამოცდო ცენტრს გარეთ, მაგალითად, სამედიცინო დაწესებულებაში ჩატარებას.
“თუ გვეყოლება ერთზე მეტი აბიტურიენტი, ეს იქნება პრობლემატური. შესაბამისად, სხვა სქემაა შემუშავებული და ვფიქრობთ, ეს არ გახდება საჭირო. ასევე, შემიძლია პირდაპირ დაგიდასტუროთ, რომ სახლიდან ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩაბარება არ განიხილება”,- განაცხადა გორგოძემ