ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, საქართველოს საბაჟო საზღვარზე, განსაკუთრებით დიდი ოდენობით არადეკლარირებული თურქული წარმოების მედიკამენტების შემოტანის ფაქტზე საქართველოს მოქალაქე დააკავეს.
“გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, საბაჟო-გამშვები პუნქტი „სარფი“-ს გავლით, საბაჟო კონტროლისაგან მალულად მის სარგებლობაში არსებული სატვირთო ავტომობილით, შემოიტანა განსაკუთრებით დიდი ოდენობით არადეკლარირებული თურქული წარმოების მედიკამენტები.
საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებული თურქული წარმოების მედიკამენტების საბაჟო ღირებულება 25 000 ლარს აღემატება”,- წერია საგამოძიებო სამსახურის განცხადებაში.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 5-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.