დეპუტატის მაია ბითაძის განცხადებით, კანონპროექტის მიღების შემდეგ, რომელიც მშენებლებისთვის მკაცრ რეგულაციებს ითვალისწინებს, დეველოპერები ბინებს ექსპლუატაციაში შესვლამდე ვეღარ გაყიდიან.
“დეველოპერები წინასწარ რომ ყიდდნენ და ადამიანები იმ შენობებში რომ შედიოდნენ, რომელიც ექსპლუატაციაში არ იყო შესული, ეს ტენდენცია დასრულდება.
მაგალითად, ყიფშიძეზე ერთ-ერთი შენობის მშენებლობა 2007 წელს დასრულდა. რა თქმა უნდა, ის გაყიდულია და ადამიანები ცხოვრობენ. შენობა განაშენიანების გეგმის არეალს არის გაცდენილი. ამ შენობას ვერ დავანგრევთ, მაგრამ თუ შენობაში არავინ იქნება შესული, დეველოპერი იძულებული იქნება, შეცდომა გამოასწოროს. პირველ მითითებაზე თუ ვერ გამოასწორებს ან არ გამოასწორებს, დადგება სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა. სხვა გამოსავალი არ არის. მიუხედავად იმისა, რომ 10 000 და 20 000 ლარით ვაჯარიმებდით, დარღვევები მაინც იყო მათი მხრიდან. დეველოპერისგან არავინ აღარ იყიდის ისეთ ობიექტს, რომელიც ექსპლუატაციაში არ იქნება მიღებული. წინასარ, ჰაერზე გაყიდვის პრობლემა ერთხელ და სამუდამოდ გადაიჭრება. ეს სამშენებლო ბიზნესისთვის ტვირთია, მაგრამ უკვე ვიაზრებთ იმას, რომ 21-ე საუკუნეა და ასე გაგრძელება აღარ შეიძლება“, – განაცხადა მაია ბითაძემ პლენარულ სხდომაზე.
პარლამენტში მეორე მოსმენით განიხილავენ კანონპროექტს, რომელიც ეხება როგორც სამშენებლო ამნისტიას, ისე მკაცრ რეგულაციებს. კანონპროექტით, აკრძალული იქნება ობიექტის ფუნქციონირება, სანამ არ მოხდება მისი ექსპლუატაციაში მიღების შესახებ შესაბამისი აქტის გამოცება. ანუ ექსპლუატაციაში მიღებამდე დაუშვებელი იქნება ამ ობიექტის ფუნქციონირება საცხოვრებელი თუ სხვა დანიშნულებით.









