“ეპიდვითარება ფრიად საყურადღებოა” – გამყრელიძე მოსახლეობას მიმართავს

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე მოსახლეობას მოუწოდებს გაცემული რეკომენდაციები სათანადოდ შეასრულონ. 

როგორც გამყრელიძე ამბობს, ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა საყურადღებო. NCDC-ის ხელმძღვანელმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა პირბადის ტარებაზე და დახურულ სივრცეებში წესის დაცვის რეკომენდაცია გასცა. 

„ეპიდსიტუაცია დღეს გარკვეულწილად სტაბილურია, თუმცა ფრიად საყურადღებო. მიუხედავად ყველა იმ შემსუბუქებისა, რაც ქვეყანაშია, იცით, ჩვენ ოქროს შუალედს ვეძებთ და დანის პირზე გავდივართ – არ ჩაიკეტოს ქვეყანა და მეორე მხრივ, რაც შეიძლება მეტი თავისუფლება, განვითარების შესაძლებლობა მივცეთ ეკონომიკას. მაგრამ ამავე დროს, ძალიან ფრთხილად ვიყოთ, რომ არ მივიღოთ ეპიდსიტუაციის სერიოზული გაუარესება. რეგულაციები ყველამ უნდა დავიცვათ, მიუხედავად იმისა, რომ მოიხსნა გარე სივრცეებში პირბადის ტარების მანდატორიზმი, აუცილებელია, დახურულ სივრცეში პირბადის ტარება, ასევე ტრანსპორტის გაჩერებებზე, ისევე, როგორც ბაზრობებზე და იქ , სადაც ბევრი ადამიანი იყრის თავს. ვიდრე დაახლებით მოსახლეობის 30 პროცენტი არ აიცრება, კოვიდპანდემიასთან ბრძოლაში პირბადე რჩება ჩვენს ერთ-ერთ მთავარ იარაღად. მივმართავ მოსახლეობას, გთხოვთ, ეს ყველაფერი გავითვალისწინოთ“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.