როდის მიიღებს საქართველო „ასტრაზენეკას“ ვაქცინის 43 ათას დოზას, დღის მეორე ნახევარში უნდა გაირკვეს, – ამის შესახებ გაერო-ს ბავშვთა ფონდის ჯანდაცვის სპეციალისტმა, თაკო უგულავამ განაცხადა.
მისი განმარტებით, პრობლემა მთლიანად მწარმოებელს უკავშირდება, რომელსაც იუნისეფი-სთვის მიწოდებული ჰქონდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ვაქცინები მათი წარმომადგენლობისთვის 22 ივნისს უნდა მიეწოდებინა, რის შემდეგაც პრეპარატის პარტია თვითმფრინავში გადაიტვირთებოდა და რამდენიმე დღეში საქართველოში უნდა ჩამოეტანათ.
თუმცა, როგორც უგულავა ამბობს, მწარმოებელმა კომპანიამ ვერ შეძლო მის მიერვე დასახელებულ ვადებში ვაქცინის მიწოდება.
„აღნიშნული პრობლემა უკავშირდება მწარმოებელს, ჩვენც კი, იუნისეფ-ს, არ გვაქვს ზუსტი ინფორმაცია ვაქცინის მოწოდების ვადების შესახებ. შეფერხება მხოლოდ საქართველოს არ ეხება და პრობლემის წინაშე სხვა ქვეყნებიც დადგნენ, რომლებსაც „ასტრაზენეკას“ ესპანურმა საწარმოო ხაზმა ასევე დაუგვიანა პრეპარატების დროული მიწოდება“, – განაცხადა იუნისეფ-ის წარმომადგენელმა.