რუსთავის მუნიციპალიტეტის მეექვსე მოწვევის წარმომადგენლობითი ორგანოს რიგგარეშე 47 სხდომაზე სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე აირჩიეს.
კენჭისყრაზე წარმოდგენილი მხოლოდ ერთი კანდიდატი იყო. არჩევნების პროცესში მონაწილეობა ჯამში 17-მა დეპუტატმა მიიღო და ხმათა უმრავლესობით, სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარედ “ქართული ოცნების” დეპუტატი გიგა ჯღარკავა აირჩიეს.
კენჭისყრის შედეგების მიხედვით, სოციალურ საკითხთა კომიტეტზე ჯღარკავას კანდიდატურას 16 მომხრე და 1 წინააღმდეგი ჰყავდა.
პროცედურულად კენჭისყრა ფარული იყო, თუმცა ხმის მიცემის დასრულების შემდეგ გაირკვა, რომ რუსთავის საკრებულოს წევრმა, დავით კაპანაძემ ბიულეტენზე საკუთარი გადაწყვეტილება შეცდომით დააფიქსირა და მან ეს საჯაროდ აღიარა.
კაპანაძის განმარტებით, რეალურად ისიც ჯღარკავას კანდიდატურას უჭერდა მხარს.
პროტესტის ნიშნად კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო რუსთავის საკრებულოს სამმა წევრმა ფრაქცია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან”.
მათი თქმით, კენჭისყრა ფორმალურად და პროცედურების დარღვევით ჩატარდა.