საქართველოს ეროვნული ბანკი წელს საბანკო სისტემაში “სოლიდურ მოგებას” პროგნოზირებს. ამის შესახებ სებ-ის ფინანსური სტაბილურობის კომიტეტის ანგარიშშია ნათქვამი. ეროვნული ბანკი მიიჩნევს, რომ გაუმჯობესებული შემოსავლების ფონზე ბანკებისთვის ფინანსური ბუფერების ეტაპობრივი აღდგენა მძიმე ტვირთი არ იქნება.
“2021 წლის აპრილის მონაცემებით, ბანკები კაპიტალის და ლიკვიდობის ჯანსაღ მაჩვენებლებს ინარჩუნებენ. წლის დასაწყისიდან მოგებიანობის არსებული ტენდენციის შენარჩუნების შემთხვევაში მოსალოდნელია, რომ ბანკები 2021 წელს სოლიდური მოგებით დაასრულებენ. მომგებიანობის ზრდას ხელს უწყობს მაღალი საკრედიტო აქტივობა და დარეზერვების შემცირება, რაც 2020 წელს სესხების შესაძლო დანაკარგების რეზერვების წინასწარ შექმნითაა განპირობებული. აღსანიშნავია, რომ ამჟამად, საშეღავათო პერიოდით საკრედიტო პორტფელის 10% სარგებლობს. ამავდროულად, აქტივების ხარისხის შეფასება გრძელდება, თუმცა უმოქმედო სესხების მაჩვენებლის მატერიალური ზრდა არაა მოსალოდნელი. კომიტეტის შეფასებით, ბანკების მიერ შექმნილი სესხების შესაძლო დანაკარგის რეზერვი ადეკვატურად ასახავს პანდემიიდან გამოწვეულ მოსალოდნელ საკრედიტო დანაკარგის დონეს. ამიტომ მათ ფინანსურ მაჩვენებლებზე, ამ მხრივ, დამატებითი ნეგატიური გავლენა მოსალოდნელი არ არის”, – ნათქვამია ეროვნული ბანკის ფინანსური სტაბილურობის კომიტეტის გადაწყვეტილებაში.
584 მილიონი ლარის მოგება:
2021 წლის 4 თვეში საქართველოს საბანკო სისტემამ 584 მილიონი ლარის წმინდა მოგება გამოიმუშავა. ეროვნული ბანკისთვის წარდგენილი მონაცემებიდან ირკვევა, რომ იანვარ-აპრილში საბანკო სისტემის მოგებიანობა გაუმჯობესდა.
ყველაზე მაღალი – 173 მილიონი ლარის წმინდა მოგება სწორედ აპრილში დაფიქსირდა.
წყარო: BM.ge









