საქართველოს განათლების სამინისტროში აცხადებენ, რომ სკოლის მიღმა დარჩენილი მოზარდების რაოდენობა 34 პროცენტით შემცირდა. უწყების ცნობით, ამ მიმართულებით მუშაობა აქტიურად გრძელდება.
როგორც სამინისტროში აცხადებს, უახლესი მონაცემებით, სკოლის მიღმა დარჩენილ პირთა რიცხვი დღეის მდგომარეობით 6,885-მდე შემცირდა.
„მნიშვნელოვანია, 1000-ზე მეტმა ბავშვმა უკვე გაიარა რეგისტრაცია და სექტემბრიდან შემოუერთდებიან სასწავლო პროცესს. გარდა ამისა, მონაცემთა საგრძნობი შემცირება განაპირობა უცხოელ პირებთან აღრიცხვის პრობლემების მოწესრიგებამ, აგრეთვე, საზღვარგარეთ მყოფი იმ ბავშვების გამოვლენამ, რომლებიც საზღვარგარეთ დაიბადნენ, თუმცა საქართველოს მოქალაქეები არიან. პირველკლასელთა რეგისტრაციის III (საყოველთაო) და IV ეტაპებზე მიღებული მონაცემების ანალიზის საფუძველზე მოსალოდნელია, რომ მონაცემები კიდევ შემცირდება და რეალურ ოდენობას დაუახლოვდება. გარდა ამისა, ამ ეტაპზე არსებულ სურათს შეცვლის სოციალური მუშაკების ინტენსიური მუშაობა, რომელთა მიზანს მოზარდთა ფორმალურ განათლებაში ჩართვა წარმოადგენს,“ – ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.