ტიკარაძე: ვაქცინები არსად გამქრალა

ვაქცინები არსად არ გამქრალა, ჩვენ დროულად გავაკეთეთ მობილიზება ვაქცინების იმ მნიშვნელოვანი პაციენტებისთვის, რომლებსაც კრიტიკულად სჭირდებათ, – ამის შესახებ  ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც ეკატერინე ტიკარაძემ აღნიშნა, შიდა აუდიტი დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში იმყოფებოდა ფაქტისა და პროცესის უფრო მეტად ეფექტურად მართვისთვის.

„ისინი დღეს ჩვენთან წარმოადგენენ მოხსენებას, მოგვცემენ კონკრეტულ მითითებას, როგორ შეიძლება პროცესი ხარვეზების გარეშე გაგრძელდეს. ჩვენს მოქალაქეებს „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაციის პროცესში არ შეექმნათ არანაირი რისკი და პრობლემა“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

კითხვაზე, რატომ შეიქმნა დეფიციტი, მინისტრის განცხადებით, ამასთან დაკავშირებით გაკეთდება დასკვნა და დამატებით გადაწყვეტილებას მიიღებენ.

„უახლოეს დღეებში დეფიციტი რომ არ შექმნილიყო, გადადგმულია შესაბამისი ნაბიჯები სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მხრიდან. დეფიციტის შექმნა, როგორც ჩვენმა საერთაშორისო პარტნიორმა აღნიშნა, არის გამოწვეული იმ შეფერხებისგან, რომელიც ჰქონდა მწარმოებელს და მათი მხრიდან სამინისტროსთვის ინფორმაციის მოწოდება მოხდა მხოლოდ 22 რიცხვში. ჩვენ ვმუშაობთ დამატებით საერთაშორისო პარტნიორებთან და მომწოდებელთან, რათა „ასრაზენეკას“ ვაქცინების მიმართულებით შემდეგი წყვეტა აღარ იყოს.

აუდიტის სამსახური გააგრძელებს დეტალურ მოკვლევას. ვაქცინაციის პროცესი მიმდინარეობს გეგმურად. ჩვენთვის ცნობილია, რომ ქვეყანამ მის საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, შეიმუშავა ვაქცინაციის კალენდარი, რომლის თანახმადაც, საქართველოში მხოლოდ მესამე კვარტალში იგეგმებოდა მასობრივი ვაქცინაცია. გეგმის თანახმად, მასობრივ ვაქცინაციას დავიწყებთ მესამე კვარტალში“, – განაცხადა ტიკარაძემ.