ტიკარაძე: ჩვენ შეგვიძლია დღიურ რეჟიმში 17 000 მოქალაქის აცრა

ჯანდაცვის მინისტრი კლინიკების ხელმძღვანელებს ხვდება – ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ქვეყანაში არსებული რესურსით საქართველოს დღეში 17 000 ადამიანის აცრა შეუძლია.

“იმ რესურსით, რაც ამ ეტაპისთვის უკვე საქართველოში არის მობილიზებული, ჩვენ შეგვიძლია დღიურ რეჟიმში 17 000 მოქალაქის აცრა, რაც 25-დღიანი სამუშაო ჭრილის პირობებში არის ნახევარი მილიონი მოქალაქის აცრა და ვთვლით, რომ ეს იქნება საკმაოდ კარგი მაჩვენებელი, თუ ჩვენ ერთობლივი ძალისხმევით შევძლებთ და მომდევნო 3 თვის მანძილზე ავცრით ნახევარ მილიონ მოქალაქეს”, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

მისივე ცნობით, ამ ეტაპისთვის ვაქცინაციის პროცესში ჩართულია 200-მდე კლინიკა და 281 ამცრელთა ჯგუფი. როგორც მინისტრი ამბობს, თითოეულ ჯგუფის გამტარუნარიანობა 60 პაციენტია, 8 საათიანი გრაფიკით.  ამასთან, ჯანდაცვის უწყების ხელმძღანელის ცნობით, კლინიკების მხრიდან მიიღეს მზაობა, გაზარდონ გამტარუნარიანობა და სამუშაო საათები.