გაბუნია: ბავშვებში შემთხვევების უმეტესობა არის მსუბუქი ან საშუალო სიმძიმის

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, საქართველოში კორონავირუსის ახალი შემთხვევების დღიური მაჩვენებელი საკმაოდ მაღალია, რის გამოც მობილიზებულია ჰოსპიტლების ქსელი, ასევე მიმდინარეობს მუშაობა კოვიდსასტუმროების ქსელის გაფართოებაზე.

გაბუნიას თქმით, ბოლო პერიოდში ბავშვებში ინფიცირების შემთხვევებმა იმატა, თუმცა ძირითადად დაავადება მსუბუქად ან საშუალო სიმძიმით მიმდინარეობს.

„ბოლო პერიოდში მოიმატა პედიატრიული შემთხვევების რიცხვმა. იყო ერთეული შემთხვევები მძიმე მიმდინარეობის. სამწუხაროდ, ორი გარდაცვალებაც დაფიქსირდა ახალშობილებში, თუმცა სხვა შემთხვევების უმეტესობა საბედნიეროდ არის მსუბუქი ან საშუალო სიმძიმის. შედარებით გახანგრძლივებულ ჰოსპიტალიზაციას ვაკვირდებით ბოლო პერიოდში, რაც ასევე საყურადღებოა“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.