გამყრელიძე: სწავლის დაწყებამდე ყველა მასწავლებელი ორჯერადად უნდა იყოს აცრილი

„სწავლის დაწყებამდე ორჯერადად უნდა იყოს აცრილი ყველა მასწავლებელი“, – ამის შესახებ  დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

განათლების სამინისტრო აცხადებს, რომ არ ფლობს ინფორმაციას, თუ რამდენი პედაგოგია აცრილი, რადგან ვაქცინაციის პროცესი ნებაყოფლობითია. როგორც გამყრელიძე ამბობს, მასწავლებლებიდან დაახლოებით 5-10% იქნება აცრილი.

„ამ დროისთვის რამდენი მასწავლებელია აცრილი, ზუსტი ინფორმაცია არ გვაქვს, დაახლოებით 5-10 პროცენტზე მეტი არ იქნება. ვფიქრობ, როგორც ექიმების შემთხვევა გვაქვს, ისევე უნდა გაკეთდეს პედაგოგების შემთხვევაშიც, ერთიანი ბაზა და გადავატაროთ ვაქცინაციის ბაზას. ამის შემდეგ გვექნება ზუსტი მონაცემები. ამაზე მიმდინარეობს განათლების სამინისტროსთან საუბარი“, – ამბობს გამყრელიძე.

მისი თქმით, ასევე მიმდინარეობს მოლაპარაკებები უნივერსიტეტებთან, რომ ყველა სტუდენტი და უნივერსიტეტის თანამშრომელი იყოს ახალი სასწავლო წლის დაწყებამდე ორჯერადად აცრილი.- „თუ არ აიცრებიან, იქნებიან ისევ დისტანციურ სწავლებაზე“.

გამყრელიძე ამბობს, რომ ზაფხულში მატულობს სხვადასხვა კონფერენციები და ტრენინგები, ასეთ შემთხვევაშიც, მხოლოდ ორჯერ აცრილი პირები უნდა მონაწილეობდნენ შეხვედრებში.

გამყრელიძის თქმით, იგივე მოთხოვნები უნდა გავრცელდეს საბავშვო ბაღებზეც.