„ინდური შტამის“ ცირკულაცია ქვეყანაში საერთო ინფიცირების 20%-ს სცდება

NCDC-ის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, კორონავირუსის „ინდური შტამის“ ცირკულაცია ქვეყანაში საერთო ინფიცირების 20%-ს სცდება.

როგორც გამყრელიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განმარტა, ამ დროისთვის ლუგარის ლაბორატორიაში ე.წ. „დელტა“ შტამის 79 დადასტურებული შემთხვევაა და ევროპული ქვეყნების მაგალითზე ამ შემთხვევათა რაოდენობა თანდათან გაიზრდება.

„დღეს ქვეყანაში გარდა „ბრიტანული შტამისა“, საკმაო ინტენსივობით ცირკულირებს „დელტა“ შტამი, გასულ კვირაში გვქონდა 27 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა, სულ 79 შემთხვევაა ლუგარში დადასტურებული „დელტა შტამის“, მაგრამ გათვლებით „დელტა შტამის“ ცირკულაცია უკვე სცდება 20%-ს ქვეყანაში საერთო ინფიცირების. ეს თანდათან გაიზრდება, ამას წინ ვერ აღვუდგებით, ტენდენცია ასეთია ბევრ ქვეყანაში და განსაკუთრებით ევროპულ ქვეყნებში, რომ „ბრიტანულ შტამს“ ანაცვლებს „ინდური შტამი“, რომელიც ხასიათდება მეტი გადამდებლობით, განსაკუთრებით ახალგაზრდებში“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.