მკვლელობა და დაჭრა მარნეულში- “ჯეო ჰოსპიტალსის” კლინიკაში აცხადებენ, რომ გუშინ, ღამის 01:00 საათზე სამედიცინო დაწესებულებაში სამი ადამიანი შეიყვანეს, რომელთაგან ორი უკვე გარდაცვლილი იყო, მესამეს კი ზედა კიდურის არეში ჰქონდა ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობა.
49 წლის ქალი, რომელიც ყოფილმა სიძემ დაჭრა მკურნალობას კლინიკაში აგრძელებს. როგორც ექიმები ამბობენ, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და მას უახლოეს დღეებში ბინაზე გაწერენ.
ცნობილია, რომ კლინიკაშია გადაყვანილი ახალგაზრდა მამაკაციც, რომელიც დის ყოფილმა ქმარმა დაჭრა.
შეგახსენებთ, მარნეულის ზემო სარალში, მამაკაცი ცეცხლსასროლი იარაღით ყოფილი ცოლის ოჯახს თავს დაესხა. მამაკაცმა ყოფილი ცოლი ჩაცხრილა, შემდეგ კი მას ავტომობილით გადაუარა. მამაკაცმა ცეცხლი გაუხსნა ეზოში, ქალის დასახმარებლად გასულ სიმამრსაც, რომელიც ადგილზე გარდაიცვალა. საავადმყოფოში არიან გადაყვანილები ასევე ქალის დედა და მისი ძმა, რომლებიც თავდამსხმელმა დაჭრა.