რუსთავში წუხელ მომხდარი ძლიერი ქარის გამო რამოდენიმე მისამართზე შექმნილი პრობლემები უკვე აღმოფხვრილია.
გუშინდელმა სტიქიამ რუსთავში საცხოვრებელი სახლის სახურავები, რუსთაველის N35, სარაჯიშვილის N5 და კოსტავას გამზირზე არსებულ კორპუსებში დააზიანა.
სამივე მისამართზე სახურავის დაზიანებული ნაწილი ,,რუსთავ სერვისცენტრისა” და სამაშველოს ეკიპაჟებმა წუხელვე მოხსნეს. ამ ეტაპზე სამუშაოები ბოსტანქალაქის ქუჩასა და ქალაქის ცენტრალურ პარკში მიმდინარეობს, სადაც ქარმა ხეები მოგლიჯა. ქარმა ხეები ბარათაშვილის, მშენებელთა და რუსთაველის ქუჩებზეც წააქცია, სადაც შესაბამისი სალიკვიდაციო სამუშაოები ,,რუსთავსერვის ცენტრმა” დღეს დილითვე დაასრულა.
როგორც რუსთავის მერიაში აცხადებენ, გუშინდელი სტიქიით მიყენებულ ზარალს, ქალაქის მუნიციპალიტეტი საკუთარი ძალებით აღმოფხვრის.