ადგილი, სადაც პოლიეთილენის პარაკები გამიზნულად გადაყარეს, ბოლნისია

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეოს საფუძველზე, სადაც მოქალაქე დიდი ოდენობით პლასტიკის ბოთლებს ყრის მდინარეში, საქმისწარმოება დაიწყო,- ამის შესახებ ინფორმაციას უწყება ავრცელებს.

უწყების ინფორმაციაში ნათქვამია, რომ:

  •  სამართალდარღვევის საქმის წარმოება დაწყებულია საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 58 მუხლით, ნარჩენების მართვის კოდექსის 31-ე და მე-40 მუხლით გათვალისწინებულ სამართალდარღვევის ფაქტზე.
  •  ამ ეტაპზე უკვე დადგენილია, რომ სამართალდარღვევა მოხდა ქვემო ქართლში, კერძოდ ბოლნისის მუნიციპალიტეტში, ასევე დადგენილია სამართალდამრღვევის ვინაობა.
  • დეპარტამენტის ქვემო ქართლის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლები, სამართალდარღვევის ადგილის დათვალიერებას ახორციელებენ.გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი, მომხდარზე, კანონით გათვალისწინებულ ზომებს გაატარებს.

    “საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 58-ე მუხლის თანახმად, წყლის ობიექტების დაბინძურება, დანაგვიანება, წყლის ობიექტებში ნარჩენებისა და სხვაგვარი ნაყარის ჩაყრა გამოიწვევს დაჯარიმებას 200-დან 300 ლარამდე; ნარჩენების მართვის კოდექსის 31-ე მუხლის თანახმად, დიდი მოცულობის ნარჩენით (მათ შორის, სატრანსპორტო საშუალების, ელექტრო- ან ელექტროტექნიკური დანადგარის, სამშენებლო დანადგარის ან სხვა მსგავსი მოწყობილობის ნარჩენით) გარემოს დანაგვიანება გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით, იურიდიული პირის შემთხვევაში კი ჯარიმა 6 000 ლარია; ნარჩენების მართვის კოდექსის მე-40 მუხლის თანახმად, ნარჩენების შეგროვება ან/და ტრანსპორტირება დადგენილი წესით რეგისტრაციის გარეშე, გამოიწვევს დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით.”- ნათქვამია ინფორმაციაში.