“მოვუწოდებთ ყველას, არ დაარღვიონ კანონი და პროტესტი გამოხატონ მშვიდ ვითარებაში”

ყველას აქვს სიტყვისა და გამოხატვის უფლება, მოვუწოდებთ ყველას, არ გასცდნენ კანონის, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების ჩარჩოებს, პროტესტი გამოხატონ მშვიდ ვითარებაში, – ამის შესახებ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა ვაჟა სირაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ბაგრატიონის ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე მობილიზებული არიან სამართალდამცველები, რომლებიც საზოგადოებრივ წესრიგს იცავენ.

„კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ყველას, დაემორჩილონ პოლიციის კანონიერ მოთხოვნას, არ დაარღვიონ კანონი, ყველას აქვს სიტყვისა და გამოხატვის უფლება, როგორც ერთ, ასევე მეორე მხარეს. ასევე ჩვენ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ მათ, არ გასცდნენ კანონის, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების ჩარჩოებს და თავიანთი პროტესტი გამოხატონ მშვიდ ვითარებაში.

კიდევ ერთხელ განვმარტავ, ნებისმიერი ფაქტი, სამართალდამცველზე თავდასხმის ან შეურაცხყოფის, მკაცრად იქნება დასჯილი. მკაცრად მოვუწოდებ ყველას, იმოქმედონ კანონის შესაბამისად, თავიანთი უფლებები გამოხატონ კანონის ჩარჩოებში“, – განაცხადა ვაჟა სირაძემ.

შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ სამართალდამცველებსა და ადგილზე შეკრებილ „თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეებს შორის დაპირისპირება მოხდა.