რუსთავის ატმოსფერული ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების სამოქმედო გეგმის ფარგლებში, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრმა, რუსთავის მერიაში საინფორმაციო შეხვედრა გამართა.
შეხვედრას მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
შეხვედრა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, სოლომონ პავლიაშვილმა და რუსთავის მერმა, ირაკლი ტაბაღუამ გახსნეს.
„ქვეყნის მასშტაბით ჰაერის ხარისხის გაუმჯობესება ჩვენი სამინისტროს და ზოგადად მთავრობის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია. საქართველოს უმსხვილეს ქალაქებში ატმოსფერული ჰაერის ხარისხის პრობლემის მოსაგვარებლად, სახელმწიფოს მხრიდან ქმედითი, კომპლექსური ნაბიჯების გადადგმა დღის წესრიგის ნაწილია. სამინისტროს ყურადღების ცენტრში ქ.რუსთავის ატმოსფერული ჰაერის მონიტორინგი და აქ არსებული გამოწვევებზე სათანადო რეაგირება გახლავთ. ატმოსფერულ ჰაერზე მუდმივმა მონიტორინგმა საშუალება მოგვცა, საუკეთესო ევროპული პრაქტიკის შესაბამისად შეგვემუშავებინა ჰაერის ხარისხის მართვის გეგმა ქალაქ რუსთავისთვის, სადაც გაწერილია ჰაერის ხარისხის გაუმჯობესებისთვის აუცილებელი კონკრეტული ღონისძიებები, მისი განხორციელების ვადები და პასუხისმგებელი უწყებები“, – განაცხადა სოლომონ პავლიაშვილმა.
შეხვედრაზე, სამინისტროსა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის წარმომადგენლებმა რუსთავში ატმოსფერული ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების მიზნით განხორციელებული ღონისძიებები განიხილეს. საუბარი შეეხო ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგის და ახალი რეგულაციების აღსრულების პროცესში გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის როლის საკითხებსაც.