ბოლნისური ღვინის პოპულარიზაციის მიზნით, ღონისძიება „ბოლნისი – ოქროსფერი ღვინის ქალაქი, აღმოაჩინე ბოლნისური ღვინო“ გაიმართა.
ქალაქ ბოლნისში, ძველი გერმანული წისქვილის სივრცეში, ბოლნისური ღვინოების პრეზენტაცია-დეგუსტაცია მოეწყო. ღონისძიება მეღვინეთა გაერთიანება „ღვინო ბოლნისის” და ,,ბოლნისის აგროცენტრი“-ს ორგანიზებით, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიისა და კომპანია „არემჯის“ მხარდაჭერით ჩატარდა.
ღონისძიებაზე „ქართული ღვინის გილდიის“ მიერ, OIV-ის საერთაშორისო სტანდარტით, შეფასებული 16 ბოლნისური მარნის, 29 საუკეთესო ღვინის პრეზენტაცია – დეგუსტაცია საქართველოს წამყვანი სომელიეების, ღვინის მაღაზიების და ცნობილი რესტორნების წარმომადგნელებისთვის შედგა. გაიმართა პირველი ქართული ღვინის ჟურნალის Homeland OF Wine-ის პრეზენტაციაც.
მოწვეულმა სტუმრებმა „არემჯის“ მიერ ბოლნისური მეღვინეობის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში შეძენილი ქართულ-გერმანული ღვინის სახლი და ელიას მთის სამონასტრო კომპლექსი დაათვალიერეს.
ღონისძიებას გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩი საქართველოში ჰუბერტ ქნირში, სახელმწიფო რწმუნებული ქვემო ქართლში შოთა რეხვიაშვილი, ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის მაჟორიტარი დეპუტატი გოგი მეშველიანი, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი დავით შერაზადიშვილი და ბოლნელი მთავარეპისკოპოსი ეფრემი ესწრებოდნენ.
მეღვინეთა გაერთიანება „ღვინო ბოლნისი“ 2018 წელს ჩამოყალიბდა და 35-მდე მცირე ტიპის საოჯახო მარანს აერთიანებს. ბოლნისელი მეღვინეეების მიზანია ბოლნისში აღდგეს ძველი ქართული მეთოდით ქვევრში ღვინის დაყენების ტრადიცია, რაც 400 წლის განმავლობაში დაკარგული იყო.