გაბუნია: დელტა შტამის ცირკულაცია იმატებს

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, ქვეყანაში კორონავირუსის დელტა შტამის ცირკულაცია იმატებს.

მისივე თქმით, მოზარდებსა და ბავშვებში დელტა შტამის გავრცელების პრევენციისთვის, ერთადერთი გამოსავალი ოჯახის წევრების ვაქცინაციაა.

“დელტა შტამის ცირკულაცია იმატებს და ყველა ვხედავთ ამას. სამწუხაროა, რომ ეს ბავშვები, რომლებიც ციციშვილის კლინიკაში მკურნალობდნენ მძიმე დიაგნოზით იყვნენ და გამოსავალი დადგა ძალიან ცუდი, რა თქმა უნდა, რაც ჩვენთვის უკიდურესად სამწუხაროა. გამოსავალი აქ არის ოჯახის წევრების სწრაფი ვაქცინაცია. სხვა მხრივ, მოზარდი და მით უმეტეს ჩვილი ბავშვის პრევენციის მექანიზმი ამ სიტუაციაში სხვა მეტი არ არის, გარდა იმისა თუ არ მოხდა ოჯახის წევრების მიერ წესის დაცვა”,- თქვა თამარ გაბუნიამ.

რაც შეეხება სკოლებს, მისი თქმით, სკოლებში შეზღუდვების დაწესება და სწავლების დისტანციურ რეჟიმზე გადასვლა კორონავირუსის გაზრდილ შემთხვევებთან დაკავშირებულ პრობლემას ვერ გადაწყვეტს. გაბუნიას თქმით, აუცილებელია ვაქცინაცია.

„იმ პირობებში, როდესაც ქვეყანაში გვაქვს მილიონნახევარი დოზა ვაქცინა და კიდევ ერთ მილიონს ველოდებით, სკოლებთან მიმართებაში, პირადად ჩემი და ჯანდაცვის სამინისტროს მთავარი რეკომენდაციაა, რომ ივლისისა და აგვისტოს თვეები სკოლის კოლექტივმა გამოიყენოს აქტიური ვაქცინაციისთვის, რათა სკოლები დახვდნენ სასწავლო წელს უსაფრთხო გარემოში. სკოლის პირობებში დღეს შეზღუდვა გამოსავალი არ არის, არც დისტანციური სწავლა არ გადაწყვეტს ამ პრობლემას. გადაწყვეტა არის ვაქცინაცია. ამდენად, ყველასთან თხოვნა მექნება, ვინც დაკავებულია სასკოლო გარემოში სწავლებით ან მუშაობით, მიმართოს ვაქცინაციის ცენტრს. დღეს არის ნამდვილად შესაძლებლობა, რომ აიცრან“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.