ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, ხარისხიანი ვაქცინის უსაფრთხოდ მოწოდების პროცესში, ევროკავშირმა და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ საქართველოს დამატებითი ინვენტარი გადმოსცეს.
მისივე თქმით, ინვენტარის გამოყენების შესაძლებლობა საქართველოს უახლოეს მომავალში ექნება.
„ეს ნივთები არის ნოუთბუქები მასობრივი ვაქცინაციის ცენტრებისთვის, 70-ზე მეტი ნოუთბუქია, ასევე ვაქცინების გადასატანი 200 ცივი ყუთი, ყინულის სამედიცინო მაცივრები, რომლებიც უახლოეს მომავალში მოეწოდება ქვეყანას და იქნება გამოყენების შესაძლებლობა. ასევე პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია ავტომობილი.
მინდა, დიდი მადლობა ვუთხრა საქართველოში ევროკავშირის დელეგაციას, ასევე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საქართველოს ცენტრალურ ოფისს, რომლებიც ტექნიკურ დახმარებას გვიწევენ და გვეხმარებიან როგორც ვაქცინაციის პროგრამის დაგეგმვის, ისე განხორციელების პროცესში“, – აღნიშნა თამარ გაბუნიამ.