ქორწილსა და სუფრაზე წასვლის ნაცვლად, წავიდეთ და ავიცრათ, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა.
„რას ეძახით შეცდომას? თქვენ თანახმა ხართ, მხარს დაუჭერთ, რომ დღეს ქვეყანაში გამოცხადდეს საგანგებო მდგომარეობა და მკაცრი ლოკდაუნი? მაგრამ თუ ჩვენ ყველა, მე, თქვენ, შევასრულებთ იმ რეკომენდაციებს, ანუ არ წავალთ ქორწილში და არ ჩავატარებთ დიდ წვეულებას, არ აღვნიშნავთ უნივერსიტეტის და სკოლის დამთავრებას დიდი თავყრილობით, თუ არ წავალთ და არ ვიქნებით მუსიკალურ ფესტივალებზე, სადაც 10 000 ადამიანი იკრიბება, კუს ტბაზე, ლისის ტბაზე და ასე შემდეგ, ამას თუ გავითავისებთ, რომ ცეცხლს ვეთამაშებით დღეს, მაშინ არ გვექნება ამდენი შემთხვევა. იმის მაგივრად, რომ წავიდეთ ქორწილში, სუფრაზე, წავიდეთ და ავიცრათ“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
მისი განცხადებით, წინა ტალღებისგან განსხვავებით დღეს ქვეყანას მოქალაქეების აცრის შესაძლებლობა აქვს.
“ახლა უფრო მეტი გვაქვს ინფიცირება, ვიდრე ეს იყო მესამე ტალღის პიკზე მაისში და ვართ დაახლოებით 50-60%-მდე, რაც ვიყავით მეორე ტალღის პიკზე, ნოემბრის ბოლოს დეკემბრის დასაწყისზე. განსხვავება გახლავთ ერთი, რომ მეორე ტალღის დროს ვაქცინები ხელმისაწვდომი არ იყო, დღეს გვაქვს საშუალება, რომ მოსახლეობა ავცრათ”.