დეპუტატების ნაწილი შს მინისტრს პრაიდზე უსაფრთხოების გარანტიებს სთხოვს

პარლამენტის დეპუტატებმა ხათუნა სამნიძემ და ანა წითლიძემ თბილისი პრაიდის ორგანიზატორებთან ერთად, პარლამენტში ბრიფინგი გამართეს და შინაგან საქმეთა მინისტრს კიდევ ერთხელ სთხოვეს საკანონმდებლო ორგანოში მისვლა, პრაიდზე უსაფრთხოების გარანტიებთან არსებულ კითხვებზე საპასუხოდ:

“მე ვისურვებდი, რომ ეს კვირეული ჩატარდეს მშვიდობიანად ისე, როგორც შეეფერება ევროპულ ქვეყანას. ქვეყანას, სადაც დაცულია ადამიანის უფლებები, სადაც კანონის წინაშე ყველა დაცული და თანასწორია. ისეთ ქვეყანაში, სადაც ყველა თანაბრად სარგებლობს კონსტიტუციური უფლებით. მაგრამ, სამწუხაროდ, გვესმის მძიმე მუქარის ტექსტები კონკრეტული ჯგუფებისგან ძალადობის მოწოდებაზე.

ასეთ ვითარებაში ჩვენ დავიბარეთ შინაგან საქმეთა მინისტრი პარლამენტში, ადამიანის უფლებათა კომიტეტში იმისთვის, რომ მან უპასუხოს ყველა შეკითხვას და გვქონდეს გარანტია რომ სწორედ ისე ჩატარდება ეს კვირეული და ღირსების მარში, რომ თითოეული ადამიანის უფლებები იქნება დაცული.

სამწუხაროდ, დღემდე არ გვაქვს პასუხი, ირღვევა რეგლამენტი, არ ჩანიშნულა კომიტეტი, არაფერს გვეუბნება მინისტრი, რომელსაც ვალდებულება აქვს ყველა შეკითხვას გასცეს პასუხი. კიდევ ერთხელ მოვუწოდებ დღეს ადამიანის უფლებათა კოიმტეტის თავმჯდომარეს და ვთხოვ ჩანიშნოს კომიტეტი და ვითხოვთ დაიცვას მინსიტრმა რეგლამენტი, მოვიდეს პარლამენტში და დეპუტატებს და პრაიდის ორგანიზატორებს გასცეს პასუხი,” – განაცხადა ხათუნა სამნიძემ.