დღის განმავლობაში, ქვემო ქართლში მეორე მიწისძვრა მოხდა

დღის განმავლობაში მეორე მიწისძვრა დაფიქსირდა ქვემო ქართლის რეგიონში. დმანისის შემდეგ, 3.7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა წალკაში.

დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ცნობით, მიწისძვრა დღეს 13:02 საათზე, ქალაქ წალკიდან სამხრეთ-დასავლეთი 13 კმ-ში, სოფელი სალამალეიქში დაფიქსირდა.

TV4-წალკის მუნიციპალიტეტის მერს, ილია საბაძეს დაუკავშირდა. როგორც მუნიციპალიტეტის პირველი პირი ამბობს, ამ დროისთვის ცხელ ხაზზე ზარალის  შესახებ ინფორმაცია არ შესულა.  წალკის მუნიციპალიტეტის მერიას ოფიციალურად ცხელი ხაზი არ აქვს. ნომერი, რომელიც წალკის მერიის ვებ-გვერდზეა მითითებული ადმინისტრაციის სამსახურის უფროსს ეკუთვნის, ხოლო მუნიციპალიტეტის ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე მითითებული ნომერი არ ფუნქციონირებს.

რაც შეეხება დმანისს, დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის ცხელ ხაზზე რამდენიმე ცდის მიუხედავად, ჩვენს ზარებს არ პასუხობენ.