მარნეულის მუნიციპალიტეტში “ქართული ოცნების” მერობის კანდიდატი ქენან ომაროვი იქნება,- ამის შესახებ მარნეულისა და გარდაბნის მაჟორიტარმა დეპუტატმა, ზაურ დარგალმა სოციალურ ქსელ “ფეისბუქში” დაწერა. პარტიას ჯერ ოფიციალურად მერობის კანდიდატები არ წარუდგენია, თუმცა როგორც დარგალი წერს, კანდიდატი მარნეულის მერის მოვალეობის შემსრულებლის მოადგილე, ქენან ომაროვი იქნება.
რაც შეეხება ოპოზიციის კანდიდატებს, პარტია “ევროპული საქართველოს” წევრის, ახმედ იმამკულიევის განცხადებით, ოპოზიცია ამ ეტაპზე საერთო კანდიდატზე მსჯელობს. მისივე ცნობით, იმ შემთხვევაში თუ ოპოზიციას საერთო კანდიდატი არ ეყოლება, “ევროპული საქართველოდან” მერობის კანდიდატი სწორედ, ახმედ იმამკულიევი იქნება.
“თუ გადაწყდება მარნეულში საერთო კანდიდატი, ვერ გეტყვით ვისზე შევჯერდებით, რადგან ეს ჩვენი საერთო მოლაპარაკებების შემდეგ გახდება ცნობილი. თუ არ გადაწყდება საერთო კანდიდატი და არჩევნებში მონაწილეობას ყველა პარტია მიიღებს, ამ შემთხვევაში მარნეულში “ევროპული საქართველოს” მერობის კანდიდატი მე ვიქნები, – აცხადებს TV4-თან ახმედ იმამკულიევი.
ჩვენივე ინფორმაციით, მარნეულში მერობის კანდიდატად პარტია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან” აგილ მუსტაფაევი ან აზერ სულეიმანოვი განიხილება.
ამ ინფორმაციას აზერ სულეიმანოვი არ ადასტურებს, თუმცა არც უარყოფს. მისი განცხადებით, 2 დღეში გახდება ცნობილი, თუ რა ფორმით მიიღებს მონაწილეობას პარტია “ნაციონალური მოძრაობა” ადგილობრივ არჩევნებში და ვინ იქნება ოპოზიციის მერობის კანდიდატი მარნეულის მუნიციპალიტეტში.