ზვიად დოლიძე სოციალურ ქსელში, პირად გვერდზე განცხადებას ავრცელებს და განმარტავს, თუ რატომ დატოვა საკრებულოს მანდატი და ფრაქცია “ქართული ოცნება” – როგორც დოლიძე ამბობს, პარტიისა და მისი ხედვები ერთმანეთს დაშორდა.
“მოგესალმებით, ძვირფასო მეგობრებო, 2017 წლიდან დღემდე რუსთავის საკრებულოში გახლდით ფრაქცია “ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველო”- ს თავმჯდომარის მოადგილე… მივიღე გადაწყვეტილება ფრაქციისა და დაკავებული თანამდებობის დატოვების შესახებ, ვინაიდან პარტიისა და ჩემი ხედვები ადამიანურ ფასეულობებთან და ღირებულებებთან მიმართებაში რბილად რომ ვთქვათ, დაშორდა ერთმანეთს…
მადლობა ჩემი ოლქის ყველა მცხოვრებელს გამოცხადებული ნდობისა და თანადგომისთვის ! ! !
მინდა გულწრფელად, მთელი პასუხისმგებლობით აღვნიშნო, რომ ვრჩები ჩემი ოლქის მცხოვრებელთა ერთგული და მათი ინტერესების დამცველი…
გულწრფელადვე მინდა გაცნობოთ, რომ ვუერთები და ყოველთვის ვიქნები იმ ჯანსაღი პოლიტიკური ძალის გვერდით, ვინც იქნება ხალხისთვის და საქართველოსთვის…”- წერს ზვიად დოლიძე.
შეგახსენებთ, ზვიად დოლიძემ ფრაქცია და მანდატი დღეს დატოვა. დოლიძემ ამის შესახებ დღევანდელ საკრებულოს სხდომაზე განაცხადა.