ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, აპრილსა და მაისში ეკონომიკური ზრდის ფონზე ვარაუდობს, რომ მიმდინარე წელს ზრდა სულ მცირე რვა პროცენტი იქნება.
მისივე თქმით, გაათმაგებული ძალისხმევაა საჭირო, რომ ეკონომიკური ზრდის კუთხით რეგიონში საქართველო ლიდერი სახელმწიფო იყოს.
„როცა ვსაუბრობთ, რომ პანდემიის შემდეგ, როდესაც 2020 წელს 6.2-პროცენტიანი ეკონომიკური ვარდნა გვქონდა, ეკონომიკური ზრდის ტემპის თვალსაზრისით, ჩვენ კვლავაც დავრჩებით და ვიქნებით რეგიონში ერთ-ერთი ლიდერი სახელმწიფო. ეს ნიშნავს, რომ გვჭირდება გაათმაგებული ძალისხმევა, მივაღწიოთ ლიდერის სტატუსს. ბოლო თვეებში ვხედავთ, რომ ეს შესაძლებელია – უპრეცედენტო ეკონომიკური ზრდა აპრილსა და მაისში საშუალებას გვაძლევს ვივარაუდოთ, რომ წელს ეკონომიკური ზრდა სულ მცირე რვა პროცენტი იქნება. ეს ნიშნავს, რომ გასული წლის ვარდნას სრულად გავანულებთ და აბსოლუტურ ზრდაზე გადავალთ, ხოლო შემდეგ, 2025-2030 წლებში 5-5.2%-იან ზრდას შევინარჩუნებთ, რაც ეკონომიკური ზრდის კუთხით რეგიონალური ლიდერის სტატუსს განგვიმტკიცებს“, – განაცხადა ნათია თურნავამ.