ე.წ. კოვიდ-პასპორტი, ანუ ვაქცინაციის დამადასტურებელი დოკუმენტები, შესაძლოა, იუსტიციის სახლებში გაიცეს.ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ მედია-ვებინარზე განაცხადა.
„ყველა ადამიანს შეუძლია ორჯერადად ვაქცინაციის შემდეგ სამედიცინო დაწესებულებას მოსთხოვოს ორჯერადად აცრის დამადასტურებელი დოკუმენტი QR-კოდით. ყველა დაწესებულებას ევალება, რომ მოქალაქის მოთხოვნის საფუძველზე ამობეჭდოს ეს დოკუმენტი. გარდა ამისა, იუსტიცის სახლებთან მიმდინარეობს მოლაპარაკება, რომ მოქალაქის მიმართვის შემდეგ ამობეჭდონ ეს დოკუმენტი, იმ შემთხვევაში, თუ სხვა კონკრეტულმა დაწესებულებამ ის არ გასცა“, – განაცხადა გამყრელიძემ, თუმცა დასძინა, რომ ეს ჯერ მხოლოდ იდეის დონეზეა და განხილვა მიმდინარეობს.
რაც შეეხება პრობლემას, რომელზეც მოქალაქეები სოციალურ ქსელში წერენ, რომ ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში საქართველოდან წარდგენილი QR-კოდი არ აღიქმება, გამყრელიძე პასუხობს, რომ შესაძლოა ერთჯერადი შემთხვევები არის, თუმცა პრობლემა მასობრივი არ არის.
გარდა ამისა, NCDC-ს ხელმძღვანელის თქმით, ყველა მოქალაქეს შეუძლია კოდი თავად გადაამოწმოს.