კორონავირუსი ბავშვებში- ეპიდვითარება რუსთავში

ეპიდემიოლოგები კორონავირუსის ბავშვებში გავრცელებაზე საუბრობენ და მშობლებს რეკომენდაციების დაცვისკენ მოუწოდებენ- ამ დრომდე კვლავ მძიმეა ციციშვილის კლინიკაში მართვით სუნთქვაზე მყოფი ორი მცირეწლოვნის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომლებსაც კორონავირუსი აქვთ დადასტურებული.

TV4 დაინტერესდა, როგორია ეპიდვითარება რუსთავის ბავშვთა საავადმყოფოში- როგორც საავადმყოფოს მენეჯერმა, მარინა აბულაშვილმა განაცხადა, კლინიკა აბსოლუტურ მზადყოფნაშია, რომ საჭიროების შემთხვევაში, პედიატრიული განყოფილება გადაამისამართონ და კოვიდცენტრად გადაკეთდნენ. მისივე ცნობით, ჯერჯერობით მიმართვიანობა მაღალი არ არის და ამის საჭიროება არ დგას.

როგორც კლინიკის მენეჯერი ამბობს, ამ დრომდე ბავშვებში დაფიქსირებული შემთხვევებიდან, თითქმის ყველა მსუბუქი იყო და მათი სტაციონარში დატოვება საჭირო არ გახდა. ბავშვები, რომლებსაც კოვიდი უდასტურდებათ, მკურნალობას უმეტესად სახლებში, ოჯახის ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ აგრძელებენ.

ბოლო 24 საათში კოვიდ ვირუსი 4 პაციენტს დაუდასტურდა, რომლებიც ასევე სახლში გააგრძელებენ მკურნალობას. ბავშვთა სტაციონარში სამი კოვიდპაციენტი წევს.

გარდა ამისა, ბავშვებში ფიქსირდება სხვადასხვა ნაწლავური და ვირუსული ინფექციები, თუმცა კლინიკაში ამბობენ, რომ  ეს მაჩვენებელიც წინა წლის მსგავსია და მაღალი მიმართვიანობა არ ფიქსირდება.