პარტიები წინასაარჩევნო რეკლამისთვის მხარდაჭერას ვეღარ მიიღებენ

2021 წლის თვითმმართველობის არჩევნები ამ საუკუნეში პირველი არჩევნები იქნება, რომლის დროსაც კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტებიც კი დაფინანსებას ბიუჯეტიდან წინასაარჩევნო რეკლამისთვის ვერ მიიღებენ.

,,მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ” კანონში შესაბამისი მუხლი (30/12) ისე გაქრა, რომ ოპოზიციური პარტიები, სამოქალაქო სექტორი და თავად მედიაც საქმის კურსში არ იყვნენ.

სამი მოსმენით ცვლილება, რომელიც არსებით გავლენას ახდენს წინასაარჩევნო პერიოდზე  დისკუსიისა და მსჯელობის გარეშე მიიღეს.

სამართლიანი არჩევნების იურისტის განცხადებით, მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების წესში შესატანი ცვლილებების განხილვას ორგანიზაცია არ ესწრებოდა. თათია ქინქლაძე იხსენებს, რომ განხილვა დაჩქარებული წესით მოხდა, ინფორმაცია კი განხილვის შესახებ მათთვის დაგვიანებით გახდა ცნობილი, რაზედაც განცხადებაც გაავრცელეს.

კითხავზე აქვთ თუ არა ორგანიზაციაში ინფორმაცია, რომ ცვლილებით პარტიებს სარეკლამო დაფინანსება უწყდებათ  ორგანიზაციის იურისტი ამბობს:

“ამ საკითხთან დაკავშირებით, სამწუხაროდ, ნამდვილად არ მაქვს ინფორმაცია, ჩვენ როდესაც ვიყავით საარჩევნო რეფორმის სამუშაო ჯგუფში ამ საკითხზე მსჯელობა, რომ მსგავსი ცვლილებების განხორციელებას აპირებდნენ, ნამდვილად არ ყოფილა.”

იმას, რომ ეს კონკრეტული ინიციატივა საჯარო განხილვის საგანი არ ყოფილა მოწმობს ისიც, რომ ISFED-ს ანგარიშში, რომელიც ამ მოსმენის ფარგლებში საარჩევნო კოდექსში შეტანილ ცვლილებებთან დაკავშირებით მომზადდა, ამ საკითხზე არაფერია ნათქვამი.

ზუსტ ინფორმაციას არ ფლობენ არც პოლიტიკური პარტიები. “ლელოს” წარმომადგენელი ანა ნაცვლიშვილი აცხადებს, რომ ამ პერიოდში არჩევნებთან დაკავშირებით, ბევრი ცვლილება განხორციელდა.

დაფინანსების შეწყვეტასთან დაკავშირებით კი მას უპირველესად ის ცვლილება ახსენდება, რომლითაც პარტიებს დაფინანსება იმ შემთხვევაში უწყდებოდათ თუ პარლამენტში შესვლაზე უარს იტყოდნენ.