იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ ახალი სერვისი დანერგა- პირადობის მოწმობაზე შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირის სტატუსის დატანა იმ მოქალაქეებისთვის, რომლებსაც აღნიშნული სტატუსი უვადოდ აქვთ დადგენილი.
სამინისტროს ცნობით, სიახლე აღნიშნული კატეგორიის პირებს შესაძლებლობას მისცემს, მარტივად ისარგებლონ ყველა იმ შეღავათითა და სერვისით, რაც მათ კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში ეკუთვნით.
“პირადობის (ბინადრობის) ელექტრონულ მოწმობაზე შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირის სტატუსი დაიტანება, თუ მოქალაქე პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობის მიღებისას წარადგენს შესაბამის დოკუმენტს, რომლითაც დასტურდება, რომ მოწმობის მიღების მომენტში იგი არის შეზღუდული შესაძლებლობების სტატუსის მქონე პირი და ეს სტატუსი უვადოდ აქვს დადგენილი.
მისივე მოთხოვნის საფუძველზე, პირადობის (ბინადრობის) ელექტრონულ მოწმობასა და მეხსიერების ბარათზე დაიტანება ინფორმაცია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირის სტატუსის შესახებ, შესაბამისი კატეგორიის მითითებით.
ასევე, თუ მოქალაქე უკვე ფლობს პირადობის (ბინადრობის) აქტიურ ელექტრონულ მოწმობას და სურს დოკუმენტზე დატანილ იქნეს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირის შესახებ ინფორმაცია, მან საკუთარი სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი უნდა წარადგინოს იუსტიციის სახლში, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურში ან საზოგადოებრივ ცენტრში.”- ნათქვამია ინფორმაციაში.
პირადობის (ბინადრობის) ელექტრონულ მოწმობაზე შშმ პირის სტატუსის შესახებ ინფორმაციის დატანა უფასოა, ხოლო უკვე გაცემულ ID ბარათზე შშმ პირის სტატუსის შესახებ ინფორმაცია განაცხადის წარდგენიდან 7 სამუშაო დღის ვადაში დაიტანება.