შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თბილისში ტრეფიკინგის ბრალდებით, 37 წლის პირი დააკავეს. გამოძიების ინფორმაციით, მან მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, გეგმა შეიმუშავა და 45 წლის პირს სისტემატიურად აიძულებდა ემათხოვრა.
“იგი 1976 წელს დაბადებულ ნ.ჩ.-ს სისტემატურად უწევდა შრომით ექსპლუატაციას, კერძოდ, დამცირებით, აბუჩად აგდებით და ფიზიკური ძალადობის გამოყენების მუქარით, აიძულებდა თბილისის სხვადასხვა ქუჩებში, ყოველდღიურად მოწყალება ეთხოვა. ბრალდებული ნ. ა.-ს მიერ აღნიშნული გზით შეგროვებულ თანხებს ისაკუთრებდა”, – წერია უწყების განცხადებაში.
ტრეფიკინგის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.
დანაშაული 7-დან 12-წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.