პრემიერი: ჩვენი ქვეყანა ახალ ჩაკეტვებს ვეღარ გაუძლებს, არც ლოკდაუნი

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ქვეყანა ახალ ჩაკეტვებს ვეღარ გაუძლებს.

ღარიბაშვილის თქმით, მკაცრი შეზღუდვები საქართველოს ეკონომიკისთვის დამაზიანებელი იქნება.

„ბოლო დროს ბევრი საუბარია, ხომ არ მოხდება ხელახალი ჩაკეტვა და ა.შ. მინდა, განვაცხადო, რომ ჩვენ ავირჩიეთ სხვა გზა. ეს არის მართვის გზა. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოოთ, რომ ეპიდემია ეფექტიანად ვმართოთ. ჩვენი ქვეყანა ვეღარ გაუძლებს ახალ ჩაკეტვებს. არც ლოკდაუნი, არც ეს შეზღუდვები არ იქნება გამართლებული, უფრო მეტიც, ეს იქნება დამაზიანებელი ჩვენი ქვეყნის ეკონომიკისთვის. ეს გამოიწვევს იმას, რომ დამატებით უნდა ავიღოთ რამდენიმე მილიარდი დოლარი, თუ ლარი ვალის სახით, რაც შემდეგ გახდება ჩვენი მოქალაქების გადასახდელი. ამიტომ ეს რომ არ განმეორდეს და ამის გაკეთება რომ არ მოგვიწიოს, გთხოვთ ყველას, ჩავიტაროთ ვაქცინაცია, რომელიც უსაფრფთხოა“,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშილმა.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ჯამში ქვეყანაშია 2 მილიონი ვაქცინა – 1,5 მილიონი ჩინური ვაქცინა და ნახევარი მილიონი „ფაიზერი“.

„გარდა ამისა, მილიონი „ფაიზერი“ პირდაპირ, უშუალოდ მწარმოებელს დავუკვეთეთ და ამ მილიონი დოზის მოწოდება უკვე დაწყებულია. პროცესი მიმდინარეობს. ჯამში ჩვენ გვქნება 3 მილიონი ვაქცინა. 2 მილიონი ადგილზეა, 1 მილიონი შემოვა ერთ თვეში, მაქსიმუმ თვე-ნახევარში, ეტაპობრივად, ყოველ შაბათ-კვირას. მინდა, მოსახლეობას კიდევ ერთხელ მივმართო თხოვნით და კიდევ ერთხელ ავუხსნა ვაქცინაციის მნიშვნელობა. ძალიან ბევრი კითხვა ისმის, თუ რატომ არის აუცილებელი ვაქცინაციის ჩატარება. მთავარი პასუხი და არგუმენტი, რომელიც მინდა გავუზიარო ჩვენს მოსახლეობას, არის ის, რომ აცრის შემდეგ, გარდაცვალება, რაც ყველაზე მტკივნეულია ჩვენთვის, პრაქტიკულად გამორიცხულია. შესაბამისად, მინდა, კიდევ ერთხელ მოვუწოდო ყველას, ჩავიტაროთ აცრა, დავიცვათ საკუთრი სიცოცხლე, საკუთარი ჯანმრთელობა და ამასთანავე, ჩვენი მშობლების, შვილების, ახლობლების ჯანმრთელობა. ძალიან ბევრი დეზინფორმაცია ვრცელდება ზოგადად ვაქცინების თაობაზე. მინდა, მოსახლეობას ვთხოვო, დავეყრდნოთ და დავუჯეროთ მეცნიერებს და მეცნიერებას და არა „ფეისბუქის“ საშუალებით გავრცელებულ ათას ტყუილს, ჭორ-მართალს“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.