„სინოფარმზე“ რეგისტრაცია დღეს იწყება – ქვეყანა მასობრივი ვაქცინაციისთვის ემზადება

მასობრივი ვაქცინაცია საქართველოში „სინოფარმის“ ვაქცინით დაიწყება, რასაც რამდენიმე დღეში „სინოვაკით“ ვაქცინაცია დაემატება, – ამის შესახებ ამირან გამყრელიძემ გუშინ გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა. 

მისივე ინფორმაციით, „სინოფარმზე“ რეგისტრაცია“ 3 ივლისიდან დაიწყება.

„ყველა ეს დოზა დაბინავებულია დაავადებათა კონტროლის ცენტრის შესაბამისი ცივი ჯაჭვის საწყობებში.

ორშაბათს, დილისთვის ყველა მუნიციპალიტეტს და ყველა ამცრელ დაწესებულებას ექნება ვაქცინების შესაბამისი დოზები. ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს დისტრიბუცია მოხდება ცენტრალური, დაავადებათა კონტროლის ცენტრის საწყობიდან. კვირას, დღის მეორე ნახევარში, დღის ბოლომდე ყველა ამცრელი დაწესებულება მზად იქნება, რომ დაიწყოს აცრები.

ვიწყებთ „სინოფარმით“. 3 ივლისს გაიხსნება რეგისტრაცია „სინოფარმზე“. მომავალი ორი კვირის განმავლობაში დავაკვირდებით როგორი იქნება მოქალაქეთა აქტივობა ჯავშნებთან დაკავშირებით. რამდენიმე დღის შემდგომ, დაემატება და გაფართოვდება შესაბამისად „სინოვაკით“, – განაცხადა გამყრელიძემ.

შეგახსენებთ, „სინოფარმისა“ და „სინოვაკის“ ვაქცინების მილიონი დოზა უკვე საქართველოშია და 5 ივლისიდან მასობრივი ვაქცინაცია იწყება.