რუსთავში მედიის წარმომადგენლებმა მდუმარე აქცია გამართეს – ჟურნალისტებმა და ოპერატორებმა „ტვ პირველის“ ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების გამო ოჯახს და მის კოლეგებს სამძიმარი გამოუცხადეს.
ჟურნალისტებმა ქვემო ქართლის რეგიონიდან, კიდევ ერთხელ დაგმეს 5 ივლისს, თბილისში მომხდარი ძალადობა, რა დროსაც მედიის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ.
ჟურნალისტები ხელისუფლებას ოპერატიული გამოძიებისა და დამნაშავეთა დასჯისკენ მოუწოდებენ.
„ტვ პირველის“ ოპერატორი ლექსო ლაშქარავა, რომელიც 5 ივლისს „თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეებმა სცემეს, გარდაიცვალა. გარდაცვალების მიზეზი ამ დროისთვის უცნობია. ლექსო ლაშქარავა კლინიკაში რამდენიმე დღის განმავლობაში იმყოფებოდა, რის შემდეგაც სახლში გაწერეს.
„თბილისი პრაიდის“ საწინააღმდეგოდ გამართული აქციის მიმდინარეობის დროს, ორგანიზაცია „სირცხვილიას“ ოფისში, „ტვ პირველის“ ჟურნალისტსა და ოპერატორ ლექსო ლაშქარავას სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.